Powered By Blogger

ლიტერატურულ-შემეცნებითი; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

воскресенье, 8 февраля 2009 г.

იგავ-არაკები, ზღაპრები… Fables, fairy tales…

--> -->
-->


ჯანრი გოგეშვილი
Janri Gogeshvili
იგავ-არაკები, ზღაპრები…
Fables, fairy tales…


იყო ერთი კაცი, სოფელში ”ჭკუის დამრიგებელის” თანმამდებობა ეჭირა. ძალიან მოიპირა ამ საქმეში. იცოდა, არ იცოდა, მაინც ჭკუას ასწავლიდა ყველას. ბევრმა მის ”დარიგებულზე” კისერი წაიტეხა…
ალბათ, ღმერთს ასე სურდაო, დაამშვიდებდა იგი გულნატკენ დაზარალებულს…
ალბათო, ფიქრობდა დაზარალებულიც და ისევ მიდიოდა რჩევის საკითხავად.
არადა, ამ კაცის ”ბრძნული დარიგეგების” წყალობით სოფელი სახიჩრებით აივსო…
ერთხელ, ძალად ბრძენი თავისი მამულების მოსანახულებლად წავიდა. მარტოდ, ფეხით გავივლი, ხალხი დამინახავს და ჩემი უბრალოებით მოიხიბლებაო…-გათვალა თავისებური ”წინდახედულობით” და მდინარის სანაპიროს არხეინად გაუყვა..
უცებ, ცა შავმა ღრუბლებმა გადაფარეს, დაუბერა ქარმა და წამოვიდა თქეში… ნიაღვრად მოვარდნილი წყალი კალპოტმა ვეღარ დაიტია…
ფიქრში საკუთარი დიდებით გართულ ”ძალად ბრძენს” წყალი ყელამდე მიაწყდა.
-მიშველეთ, ფონი, ფონი მიმასწავლეთ!-აყვირდა შეშინებული.
მოშორებით, ბრმა მოდიოდა, ამინდის ცვალებადობა ალღოთი ეგრძნო, თადარიგი ადრიდანვე დაეჭირა და სავალ გზას გულდაჯერებული მოუყვებოდა…
-აი, იქ, იქ მახსოვს, დამრიგებელო! ყველაზე დაბალი ფონი იქ იყო…- მოკრძალებით შეეხმიანა იგი და ხელი გაიშვირა.
გაფართხალდა ძალად ბრძენი და ორთავე ფეხით ორმოში ჩავარდა.
-ესაა დაბალი ფონი?!..-მოასწრო დაძახება, მღვრიე წყალმა თავზე გადაუარა და ჩაძირა.
-დაბალი იყო, შენი რჩევით ამ დამშრალი მდინარის კალაპოტით ზღვასთან დამაკავშირებელი არხის გაყვანა განიზრახეს,-მშვიდად წამოიწყო ბრმამ,-ვითომდაც, შორეული ნაოსნობის გემებს პირდაპირ ჩვენს დაბასთან უნდა ჩაეშვათ ღუზა, თადარიგიც თავისებურად დაიჭირეს; ღუზების ჩასაშვებად ფსკერზე ორმოები ამოთხარეს, იაფად გამოვალთო…ჯერ პირუტყვი ჩაგვეხოცა შიგ, მერე მოხუცები და ბავშვები, ახლა შენ გიწია რიგმა… -თითქოსდა წამღერებით დაამთავრა ალღოს მინდობილმა მგზავრმა და სახიფათო ადგილს მარჯვედ აუარა გვერდი.


გაზაფხულზე, ალისფრად მოელვარე ვარდის კოკორს შორიახლო სანეხვეზე მცოცავი ჭია შეუყვარდა. ”რა მოძრავი და მოქნილია”, ფიქრობდა რომანტიკულად აფერადებული კოკორი და მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა. მალე ვარდის ბუჩქს მიწა შემოუბარეს, გარშემო პატივი მოუყარეს. ჭიაფანდურა ნეხვის ეშხით აბზუილდა, კოკორის მშვენება არც შეუმჩნევია … მის ბზუილზე კი, უამრავმა ფუნაგორიამ ანუ ფუნაზე მონადირე ხოჭოების ნაირფერმა წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი…
ხოჭოებმა მალე ვარდის ბუჩქს მთელი ნაკელი შემოაცალეს, საზრდო გამოჭამეს და ძირიც დაუზიანეს… ვარდი წახდა, კოკორმა ჩამოჭკნობა დაიწყო… რჩეულის გაცნობის ნატრული მხოლოდ იმას დარდობდა: ნეტა დამცლოდა და ჩემს სატრფოს გაშლილი ვენახეო… თუმც, უკვე ვეღარც არჩევდა ნეხვის ეშხით აბზუებული ხოჭოებიდან, რომელი იყო მისი გულის სწორი…
ჭიაფანდურა კი, თანამოძმეებთან ერთად ბოსლიდან გამოტანილ ოხშივარმოდებულ ნეხვისკენ მიჰქროდა…



ხელქვეითები დატრიალდნენ, საგულდაგულოდ შეიარაღდნენ და იმ ჩიტუნას დასაჭერად გაქანდნენ…
მაგრამ ამაოდ ივაგლახეს, მისი მახეში გაბმა ვერსაგზით მოახერხეს.
ჩიტუნა, ერთთავად მზის სხივებში გახლდათ შემალული, მხოლოდ გალობით ამჟღავნებდა თავს. გალობა კი, გეგონებოდათ პირდაპირ მზიდან იღვრებოდა…
მერე ქვეყნის სანაქებო მონადირეები მიუსიეს, ოღონდ ისინიც ამაოდ დაშვრნენ, მზის სხივში შემალული ვერცერთმა მათგანმა ვერ ამოიღო მიზანში.
ბოლოს, გაბედეს და ჭირვეულ პრინცესას მოახსენეს, ბევრი ვეცადეთ, მაგრამ მისი შეპყრობა არა და არ მოხერხდაო…
ჭირვეულს იმგვარი სიბრაზე ჩაუდგა თვალებში, რომ იქვე მდგომ კარისკაცთაგან თერთმეტს უმალვე გული წაუვიდა, საიდანაც შვიდი მერე მკვდარი აღმოჩნდა, დანარჩენები მუხლებზე დაეცნენ და ერთიანად აკანკალებულებმა საცოდავი კნავილი მორთეს…
მათ ბედად, გამოჩნდა ჭირვეულ პრინცესაზე გამიჯნურებული, ბრძოლებში სახელმოხვეჭილი, იმ ქვეყნის ჯარების უძლეველი სარდალი.
ჯერაც ჭაბუკი, ის იყო დიდძალი ალაფითა და ტყვეებით დაბრუნდა სატახტო ქალაქში.
წარსდგა პრინცესას წინაშე და გულმხურვალედ მოახსენა:
-ნება მიბოძეთ, კვლავაც გემსახუროთ, თქვენი საწადელი აღვასრულო და ერთგულება დაგიმტკიცოთ!
-ლომ-ვეფხვის ხოცვით სახელგანთქმულ ვაჟკაცს ეგ არ უნდა გაგიჭირდეთ!-წამქეზებლურად უთხრა პრინცესამ.
ჭაბუკმა მხედარმთავარმა თავი დაუკრა; მაგ ჩიტის ჩიტს დღესვე მოგართმევთო, შეპირდა. სასახლიდან გალაღებული გავიდა, მსწრაფლ მოაჯდა ბრძოლის ველზე ჭენებითა და საზრიანობით განთქმულ თავის ბედაურს და ველად გაიჭრა.
მალე საამო გალობაც მოესმა. მიჰყვა მის ხმას და მზის შუქში მოქცეულ ერთ ცადაწვდილ ხესთან მივიდა.
დიდხანს იტრიალა მის გარშემო, მაგრამ მზის სხივში შემალულს ვერაფრით შეასწრო მზერა. ერთი ორჯერ მშვილდიც მოზიდა, მაგრამ ორივეჯერ მოეჩვენა, მგალობელის ხმა მზიდან იღვრებოდა და აბა, მზეს ხომ არ ესროდა ისარს…
გულაღრენილმა დააღამა და გაათენა, მაგრამ ჩიტუნას, მაინც ვერასგზით მოჰკრა თვალი… ჩიტუნა, მზის ჩასვლისას, თითქოსდა მზის სხივს გაჰყვა და მზის ამოსვლისას, ისევ ისე უჩუმრად მზისვე სხივს მოჰყვა…
მისი შეპყრობისა და მოკვლის ჟინით ანთებულ სარდალს, უცაბედად თითქოსდა მხედავრთმთავრულმა ნიჭმა გაუნათა გონება…
წავიდა, მორეკა ლაშქარი და ბრძანა: ხის იქით, აღმოსავლეთის მხრიდან, ქვის ცადაწვდილზე ცადაწვდილი კედელი აღემართათ.
მებრძოლებმა იფიქრეს, ჩვენს სახელგანთქმულ სარდალს დედამიწა ეპატარავება და ახლა, ალბათ ციური სახელმწიფოების დალაშქვრა გადაწყვიტაო…
მდიდრული ალაფის იმედით, თავგამოდებით შეუდგნენ კედლის აშენებას, ათასგვარი ხარაჩოები გამართეს და მალე ცადაწვდილზე ცადაწვდილი კედელიც აღმართეს.
ჩიტუნია კი, კვლავ მომხიბვლელად გალობდა და მოლაშქრეებს ართობდა.
მორიგ დილას, ჩვეულებისამებრ მზის სხივებს დამგზავრებული მგალობელი, იმის იმედით უცხო თვალისთვის კვლავაც შეუმჩნეველი ვარო, ლაღად დაეშვა ხის ტოტზე, მაგრამ ის ცადაწვდილი კედელი მის მფარველ მზის შუქს გადაეღობა და სხივთაგან დაუცველი მანამდე უჩინარი ჩიტუნა საჩინო გახდა.
სარდალმაც მსწრაფლ მოზიდა ისარი, მაგრამ ბედად, კედელში დარჩენილი ჭუჭრუტანიდან ათინათი გამოკრთა და მის შუქში მოქცეული პაწაწაკინტელა არსება კვლავ უხილავი გახდა.
ბრძოლებში ნაცადი, სახელმოხვეწილი სარდლის ნასროლმა ისარმა ნისკარტთან ჩაუქროლა.
ლაშქარმა ყიჟინა დასცა და სათაყვანო რაინდს მიბაძა. ხის წვეროსკენ ზღვა ისარი გაფრინდა, მაგრამ ჩიტუნას ერთიც არ გაჰკარებია.
მას კი, გალობა არ შეუწყვეტია, ოღონდ ხმაში სევდა შეეპარა.
ნირწამხდარ ჭაბუკს გული შეეკუმშა და იგრძნო, იმ პაწია არსებას საოცარი ძალმოსილება გააჩნდა.
”არ გრცხვენია ვაჟკაცად ცნობილმა სარდალმა, ამოდენა ლაშქარი, რომ მომისიე და სასიკვდილოდ გამიმეტე?!” დასცინა თითქოს. სარდალმა თავისდა უნებლიეთ დაირცხვინა, შეეცადა მზის სხივისთვის თვალი გაესწორებინა, მაგრამ გაწბილდა და თავდახრილმა ყური მიუგდო ჩიტუნას გალობას. მერე მოულოდნელად თავისთავდ წაიმღერა:
-ჩიტო, ჩიტო, ჩიტუკელა, ჰა, გამხადე კურკისხელა, ჩამყლაპე და თან წამიღე, რომ არ ვიყო ვირუკელა!..
საიდან ან როგორ მოუვიდა ეს აზრი თავადც არ იცოდა. მოეჩვენა, რომ ძალზე, ძალზე დაპატარავდა და სულ პაწაწკინტელა კურკად იქცა… იმავ წამს, თითქოს ჩიტუნამაც ჩამოუქროლა… დამფრთხალ ჩიტისმადევარას სულ მთლად მოეღო ბოლო; თავის წარმოსახვაში უკვე კურკის კურკად გადაქცეულიყო… დასამალად ვითომდაც მიწაზე დაფენილ შეყვითლებული ფოთლებისკენ გაგორდა და ქვეყნის სამარცხვინოდ, საბრძოლო ყიჟინით მოცულ ჯარისკაცების წინ გაიშოტა.
იქვე მოტრიალე კალიებმა, ხოჭოებმა, ნემსიყლაპიებმა და სხვა მათნაირმა წვრილფეხმა უმალვე ხმა გაავრცელეს, გულადი სარდალი პაწაწაწკინტელა ჩიტუნამ მიწაზე დასცა და ახლა გონდაკარგული აღსასრულს ელოდებაო…
ერთ დროს ძლევამოსილად შერაცხული, მაგრამ ახლა შიშნაჭამი სარდალი ისევ ჩიტუნას სიმღერამ მოიყვანა გონს… უმალვე ხმლის ვადაზე გაიკრა ხელი, მაგრამ გაახსენდა, სრულიად პაწია არსებასთან, რომ ჰქონდა საქმე და სიმწრის ოფლი მოუვიდა.
”ლომ-ვეფხთან მორკინალი, ასე როგორ გავბრიყვდი, რომ პაწაწინა არსების მოსაკლავად გამოვქანდი, თანაც მთელი ლაშქარი მივუსიე-ო”, უსაყვედურა ფიქრში საკუთარ თავს.
ძლივს აითრია წელი, ცხენზე შეჯდა, იქაურობას უსიტყვოდ გაეცალა და გადაიკარგა..
მას შემდეგ, არც არავის უნახავს, თუმც შორი გზიდან მობრუნებულნი ჰყვებოდნენ; უგზო-უკვლოდ დაძრწის, შერცხვენილი ჩიტმადევარა ცდილობს საკუთარ თავს დაემალოს, ზოგჯერ წამოეჩვენება პაწაწაწინა კურკად ვიქეციო და ფოთლებქვეშ დამალვას ეშურებაო.



                აციო და დაციო

ძალიან შორს და ძალიან ახლო, ერთ სოფელში ორი ძმა ცხოვრობდა; ერთს აციო ერქვა, მეორეს დაციო.
 ძმები დღენიადაგ კინკლაობასა და ბუზღუნში იყვნენ.
აციო ეტყოდა
-მე უფროსი ვარო!..
საიდან ხარ ჩემზე უფროსი, შენ რომ დაიბადე მე უკვე მიწაზე დავჰქროდი?!-ბრაზობდა დაციო.
-შენ რომ მიწაზე ცხვირპირს იჩეჩქვავდი, მე მაშინ ცაში დავფრინავდიო!-უმტკიცებდა აციო.
დაფრინავდი არა ისააო
ეგ ჩემი უფლებააო, უაზროდ აღრიალდებოდა შეპაექრებული.
შენ კი, ჩემს უფლებას ამცირებო, დაეტაკებოდა მეორედამშოშმინებელი არავინა ჰყავდათ.
მეტისმეტად თავგასულები იყვნენ და მათი გაშველება სოფელს მობეზრებული ჰქონდა; თანაც გამშველებელს, რომ დაინახავდნენ, პირშეკრულებივით უმალვე მას მოუტრიალდებოდნენ და დაუნდობლად შეუტევდნენ.
ჰოდა, იყვნენ ასე; მთელ დღეებს კინკლაობაში ატარებდნენ. როცა მოშივდებოდათსოფელს მიმოირბენდნენ და თუ სადმე რამეს საკვებად ვარგისს მოიხელთებდნენ იქვე შესანსლავდნენ. შინ დაბრუნებულები, ერთადერთ ძველ ტახტზე მიეგდებოდნენ და შეხმატკბილებულად ხვრინავდნენ.
-ბიჭო, ადე წყალი მომიტანე!..-გადასძახებდა ძმას გაღვიებული აციო.
-წყალი შენ უნდა მოიტანე, ნაბოლარა შენა ხარ…-მიუგებდა დაციო და გვერდს იბრუნებდა.
-აბა, რა უნდა გელაპარაკო, მე რომ მიწაზე დავქროდი, შენ დაბადებულიც არ იყავი!-შეუყვირებდა აციო.
სწორედაც, რომ ვიყავიო, მიუგებდა დაციო და მოყვებოდა, როგორ საცოდავად დაბობღავდა მიწაზე აციო.
შენ საიდან იციო, გადაირეოდა ძმა.
სწორედაც ვიცი, მე მაშინ ცაში დავფრინავდი და ღრუბლებზე დავხტოდიო, თუ არ გჯერავს წადი და ჩემი ნაკვალევი ნახეო
ნაკვალევი მიწაზე გამიგია, ცაში რა უნდაო, სიცილს გააბამდა დაციო.
სწორედაც, რომ უნდაო
მოკლედ აკლებული ჰქონდათ იქაურობა.
ერთხელ სოფლის შარაზე, ბერიკაცმა ჩამოიარა. ხელში ათასი წლის კომბალი ეჭირა. ზურგზე კი ვეებერთელა გოდორი აეკიდა. ბერიკაცმა ძმების ეზოში შეისვენა. მოცუნცულდნენ აციო და დაციო
ეე, რამხელა კომბალია, ან ეს ვეება გოდორი ვინ დაწნაო?!
ეს კომბალი კი არა, სამეფო კვერთხია, ეს გოდორი კი არა, სამეფო ხაზინააოდინჯად შეესიტყვა სტუმარი.
ძმებმა როხროხი ატეხეს.
საით გაგიწევია დიდო მეფეო, აგდებით ჰკითხა ერთმა.
მოუსავლეთიდან მოვდივარ და მოუსავლეთში მივდივარო
მოუსავლეთი სად არისო
ქვესკნელს იქითო.
მაშინ აქ რა დაგკარგვიაო.
ჩემი ღორების კოლტისთვის რკოს ვეძებო და დედამიწაზეც იმიტომ ჩამოვიარეო
ღორების კოლტი სადღააო
ამ მიწის და ამ ცის უკან
ეს სადღაააო, არ ეშვებოდნენ ძმები.
ამ ლაპარაკს ისა სჯობს წყალი დამალევინოთო.
აციო შეყოყმანდა. ვინც უმცროსია, წყაროზეც ის გაიქცეს და მოიტანოსო
ეგ რომ მიწაზე დარბოდა, მე ცაში დავქროდიო, ატყდა დაციო.
ეგ ტყუილიაო
თუ არ გჯერავს, წადი და ნახე, ღრუბლებზე ჩემი ფეხის ნაკვალევი იქნებაო
მაგის დამნახავი ვინ არისო
ეგ ჩემი უფლებააო
ჩემ უფლებას ნუ ამცირებო
და გააბეს თავისებური
ბერიკაცმა უსმინა, უსმინა და ბოლოს გულმოსულმა თქვა:
-თუი ასე გაინტერესებთ სიმართლე, გამომყევით მოუსავლეთში, იქიდან აქაურობა, ცასა თუ დედამიწაზე გავლილი ყოველი სულიერის ნაკვალევი ხელსგულივითა ჩანსო
ძმები გაფაციცდნენ.
კი გამოგყვებით, მაგრამ მაგხელა გზას, როგორ გავივლითო.
-ჰო, ჰო, თქვენ წყალზე წასვლა შეგეზარათ და ამხელა გზის გავლას, როგორ გაკადრებთო, ჩაიქირქილა მოხუცმა და ძმებს უთხრა:
თუ გზის გაიოლება გინდათ, მოდით გოდორში ჩაძვერითოშიგ ჩემი ღორებისთვის ცოტაოდენი რკო მიყრია, შეახრამუნეთ, ამსუბუქდებით და მერე ჩემი საქმეა, მე ვიციო
სულსწრაფი ძმები არც დაფიქრებულან, გოდორში ჩაძვრნენ და რკო სულ მთლად შეჭამეს.
და ისე, ვერც შენიშნეს გოჭებად იქცნენ, უმალვე აჭყვიტინდნენეგენიც ჩემს კოლტს შეემატებაო, ჩაიხითხითა ბერიკაცმა. გოდორი წამოიკიდა, კომბალი მიწას დაჰკრა და მოუსავლეთში გადაიკარგა.
მოუსავლეთი ერთი გატიალებული რამ იყო; ცა არსად ჩანდა, მზე და მთვარეზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სინათლესაც, რაღაც ჭუჭყისფერი ედო. ერთ ხრიოკ ველზე ჯადოქარი ბერიკაცის ღორების კოლტი დასუნსულებდა. შიმშილისგან გაავებულები ქვებს ხრავდნენ და დინგებით იქაურობა მთლად გადაეთხარათ. ბერიკაცმა გოდორი დაბერტყა. ძუძუთა გოჭებად გადაქცეული აციო და დაციო ერთ დედა ღორს მიუგდო, დაჰკრა კომბალი იმ ხრიოკს და ისევ საშოვარზე გადაიკარგა. დედაღორი ერთიანად გაძვალტყავებული იყო, გოჭებს ვინ ამბობს, ხანდახან მოზრდილები მოიგოჭიანებდნენ თავს, გამოღეჭილ ძუძუებზე დააცხრებოდნენ და ლამის ძვალ-რბილი გამოეწოვათ.
ერთმა აციოს და დაციოს ისე ძლიერ წაჰკრა დინგი, რომ ორივენი, კინაღამ უფსკრულში გადაჩეხა. ძმებმა ღრიალი მორთეს, მაგრამ მხოლოდ ჭყვიტინი ისმოდა; ეს როგორ გაგავაცურე აქედან არც ცა ჩანს და არც დედამიწაო, მისძახოდნენ ბერიკაცსარაქათი, რომ გამოეცალათ ერთმანეთს მაშინ შეხედეს, და რა ნახეს, არც ერთს არ ჰქონდა ადამიანის სახე. პირები დააღეს, მაგრამ ისეთი შიმშილი იგრძნეს, მისავათებული დედაღორისკენ დაუფიქრებლად გაქანდნენ და მის ჩამომჭკნარ ძუძუებს დაუწყეს წოვა.
-თქვე საცოდავებოო, ჩაიღრუტუნა დედაღორმა. ჩემი ბედი გწვევიათო; მშვენიერი ქმარი მყავდა, შვილები, მაგრამ გულხარბი გავხდი, ყველაფერი ჩემთვის მინდოდა, ჩემს უფლებებზე საუბარი გამიტკბაამ ბერიკაცმა ჩვენს სახლთან, რომ მოისვენა, რკოს დავხარბდი, ამოღება ვერ მოვახერხე, შიგ ჩავძვერი, და ვერც ვიგრძენი ისე დავიწყე ღრუტუნი, მას შემდეგ ვარ ასე
მაშ, არაფერი გვეშველებაო, თითქოსდა გონს მოეგო აციო.
მოუსავლეთიდან, რომ ვინმეს გაეღწიოს, მე არ გამიგია, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთო
ასე პატარა, რომ არ ვიყო და ძალა მომცა, მე აქ დამრჩენი არ ვარო, დაიქადნა დაციომ.
-თუ ეს გიშველით, ცოტა დედის რძე მაქვს გადამალული, ჩამოვუშვებ, მოწოვეთ, ტანს აიყრით, მოღონიერდებით და დანარჩენი თქვენ იცითო, შეაგულიანა დედაღორმა.
მართლაც იგემეს თუ არა დედის რძე, ორთავენი ტახებად იქცნენ და გზის საძებნელად გასწიეს.
ბევრი იარეს თუ ცოტა, იმ ხრიოკსა თუ ტყლაპოში, ერთ კინკილა ბილიკს მიაგნეს.
-წინ მე უნდა ვიარო, მე ხომ უფროსი ვაროგაიხსენა აციომ.
აბა მეო?! არ დაუთმო დაციომ.
-საიდანო
-იქიდანო
ერთხანს იძიძგილავეს და მერე აციომ ძმას მიაყვედრა:
-აქედან არც შენი მიწა ჩანს და არც შენი ნაკვალევიო
-არც შენი ცისა ისმის რამეო
ორივე ცდილობდა ბილიკზე ევლო
უცებ, საიდღანაც გომბეშო გამოძვრა
ძმები ხითხითით შეათვალიერა და უთხრა, ეგ რანაირი ღორები ხართ ტყლაპოში სიარულს არ კადრულობთო?!
-ჩვენ, ღორები კი არა, აციო და დაციო ვართ, ბებერმა ჯადოქარმა გაგვაბრიყვა, მოუსავლეთიდან ცას და მიწას ერთიანად დაგანახვებთო, რკო შეგვაჭამა, გოჭებად გვაქციაოლამის ერთხმად შესჩივლეს.
-ასეა, ასეა, ვინაც თავის ღირესებებს არ გაუფრთხილდება, თქვენსავით სანანებლად გაუხდება საქმე, მე აგერ მშვენიერ გუბურასთან ვცხოვრობდი, ხანდახან, იქვე, ბორცვზე წამოვსკუპდებოდი და  ცისა და მიწის ცქერით ვტკბებოდიმაგრამ ბაჭყატებმა ამიყოლიეს, არ მომეშვნენ, ვინ უფრო შორს გადახტებაო, ვიხტუნე, ვიხტუნე და აგერ ამ გადასაკარგავში ამოვყავი თავი. ერთი მომაღლო ადგილიც კი ვერ მიპოვია…-სინანული გაამჟღავნა მშვენიერი გუბურის ყოფილმა მეპატრონემ.
-თუ ცასა და მიწას მართლა ხედავდი, მაშინ შემომაჯექი ზურგზე, იმ შენს გორაკს თვალს მოჰკრავ და მეც მეშველება…-დაასწრო ძმას დაციომ.
გაეხარდა გომბეშოს, შეასკუპდა ტახს.
აციოს ისევ უნდოდა წამოეწყო, უფროსი მე ვარ წინ ვივლიო, მაგრამ გომბეშოს ტარება დაეზარა და ბედს შეურიგდა. იმედმოცემული ძმები კარგა ხანს შეუსვენებლივ გარბოდნენ; ცისა და მიწის ნახვას ეშურებოდნენ.
აგერ ჩემი გორაკიო, გაიხარა ბოლოს გომბეშომ.
თახებმა მიიხედ-მოიხედეს, ნეტა ეს ჩვენი გომბეშო გორაკს სად ხედავსო
გომბეშომ კი ტალახის გუბეში ამობურცულ ქვაზე ისკუპა, აი ესეც ჩემი გორაკიო
რას ამბობ, აქედან ცასა დამიწას როგორ დაინახავო
ესაა ჩემი ცაც და მიწაცო
განწყენდნენ ძმები, მაგრამ რას იზამდნენ. ისევ ბილიკს გაუყვნენ; ხან აციო იყო წინ ხან დაციომალე ისევ ხრიოკზე გადაინაცვლეს. ძმებს საშინლად მოსწყურდათ. ძლივს წააწყდნენ ჯადოკაცის ნაკომბლარში ჩამდგარ წყალს. მისცვივდნენ, არა მეო და არა მეო, ატეხეს ძიძგილაობა.
-წყალი უმცროსისაა!-ნიშნისმოგებით დაიძახა, საიდღანაც მოფრენილმა ჭრიჭინობელამ.
შეფიქრიანდნენ ძმები, არცეთს არ უნდოდა ერთმანეთის უმცროსი ყოფილიყო.
მე ამის რა უმცროსი ვაროგაბრაზდა აციო.
მაგრამ უფლება ხომ მაქვს შენზედმ უმცროსი ვიყოო, ნიშნი მოუგო ძმამ.
მაგის უფლება მეც მაქვსო, დაუფიქრებლად აიტაცა მან.
და გააბეს ასე, ყურმოკრული უფლებების თაობაზე რას არ მიედ-მოედებოდნენ.
გაყინჩებულებს არაქათი გამოეცალათ და მუხლები მოეკვეთათჭრიჭინობელამ წყალი აპკურა. დაოსებულები ძლივს მოასულიერა.
-ასეთი რა გჭირთ უმცროს-უფროსი რომ ვერ გაგირჩევიათო, ჩეკითხა გაკვირვებული.
-ცა და მიწა, რომ ერთად დაგვენახა, ჩვენს ნაფეხურებს ერთად დავინახავდით, ერთმანეთს შევადარებდით და უცებ დავადგენდითო ვინაა უფროსი თუ უმცროსი ჩვენს შორისო.
ეს ადვილი საქმეაო, გახალისდა ჭრიჭინობელა, მე აქ შემთხვევით შემოვეხეტე, მომყევით, ჩემს რტოსთან მიგიყვანთ და იქიდან დანახულ ცას და მიწას რა სჯობსოდაიჭრიჭინა და აფრინდა.
გამოუდგნენ ტახები, ესაა და გვეშველაო
ბევრი სდიეს თუ ცოტა, გამხმარი ბალახის ღეროზე მოკალათებულ ჭრიჭინობელას მიადგნენ.
კი მაგრამ ცას და მიწას სად ხედავთო, გაიკვირვა აციომ.
-მე რომ ამ ღეროზე გავიტრუნები და ჭრიჭინს გავაბამ ცა და მიწა ერთად მეზმანებაო
რაღა უნად ექნათ.
აქ, ყველას თავისი ცა და მიწა ჰქონიაო გაიფიქრეს გზა დაღონებულებმა განაგრძეს. ისე მოშივდათ ლამის უფროს-უმცროსობა და ყურმოკვრით გაგონილი უფლებები მიავიწყდათ, მაგრამ საკბილოს ვერსად წააწყდნენ.
ბოლოს ერთი ჭიანჭველა შემოეყარათ. დაციომ თვალი მიადევნა, იფიქრა, ეს რამეს იპოვის და ჭიანჭველების ბეღლისკენ წააჩაქჩაქებს, მეც უკან მივყვები და პირს გავისველებთომალე აციომაც შეამჩნია ის ჭიანჭველა და საკბილოს გამორჩენის იმედით ისიც დაუდარაჯდა. მაგრამ ჭიანჭველა, ხან აქეთ აწყდებოდა, ხან იქით და რამეს ზურგზე წამოგდება არც უცდია.
კი მაგრამ ამდენ ხანს რას დაწრიალებ, ნუთუ შენს ზურგზე მოსაგდები საკბილო არაფერი გამოჩნდაო, ვეღარ მოითმინა დაციომ.
სწორედაც რომ არაორიხით ამცნო ჭიანჭველამ., ჩვეულებრივი ვინმე არ გეგეონოთ, რა ხანია დავდივარ და შესაფერისი ტვირთი ვერ მიპოვიაო
როგორ თუ ვერ გიპოვიაო, ჩაიცინა დაციომ.
როგორ და სიმძიმეს ვერ ვგრძნობო, ამოიოხრა ჭიანჭველამ.
მაბაიბურებს კიდეცო, ბოლოს და ბოლოს ჭიანჭველა საკუთარ თავზე სამჯერ მეტ ტვირთს ეწევა,-აჰა, მე ცოტას კიდევ დაგიცდი და მერე შენს თავს დააბრალეო-უთხრა და ჩლიქი გოროხს გაჰკრა, ჭიანჭველაზე მიაგდო.
ბელტი ჭიანჭველას ისე ემსუბუქა, რომ თვალის დახამხამებაში ატყორცნა ზევით და მოუსავლეთს იქით გადაკარგა.
იცოცხლეთ დაჭყლიტეს თვალები დამფრთხალმა ტახებმა.
-გაფრთხილებთ, მე ერთი უბრალო ჭიანჭველა არ გეგონოთ, რაინდი რენდჩივი გახლავართ და ეგრეც დამიძახეთ!-უმალ გააფრთხილა ძმები ჭიანჭველამ.
-მეც მასე ამისვრი?!-ჰკითხა აციომ
-შენცა და შენს ძმასაც!-მიუგო რაინდმა.
ძმები შედრკნენ, ამან თუ მოუსავლეთის იქით  გადაგვტყორცნა შინ დაბრუნებას ვეღარ ვეღირსებითო!
ის იყო გაცლა დააპირეს, რომ ჭიანჭველამ ხმა დააწია. კომბლიანი ჯადოკაცი ხომ არსად შეგხვედრიათ, მარტო ეს მითხარითო.
-შეგხვდა კიდეც და ეს ამბავიც შეგვამთხვიაო…-მოჰყვნენ თავის გასაჭირს
-მაშ, თქვენი უფლებებიც დაარღვიაო
-ჰოდა, მეც იმას ვეძებ, სანამ იმ ათასწლიან კომბალს ხელიდან არ გამოვტაცებ და ბოროტ ძალას არ გამოვაცლი, ეგ თავისას არ დაიშლის და ყველაფერი ძველებურად დარჩებაო, ეს თქვა და ძმებმა თვალი მოჰკრეს მათკენ ხარი მოექნებოდა. პირში ვეება სიმინდის ტარო ჰქონდა გაჩრილი.
აციო და დაციო შიშმა აიტანა.
ეგ ჯადოკაცის თავლიდან აწყვეტილი ხარია, რაღაც იყნოსა, საჭმელში ის ჯადორკო შეაყოლა და ეხლა თუ არემარეზე რამე საეჭვო სულიერს გადააწყდა ცოცხალს არ გაუშვებსო, თქვა ჭიანჭველამ.
დავიღუპეთ და ესააო-დაიჭყივლეს ტახებმა.
ნუ გეშინიათ, მთავარია მე დამეძგერესო
კი მაგრამ, შენ როგორ დაგეძგერება, როცა ჩვენც ძლივს გხედავთო.
საქმეც მაგაშია, ხერხი უნდა ვიხმარო, მე შენ შუბლზე შეგაცოცდები, შენ კი წინ წადექ! ოღონდ არ შედრკე, პირი არ იბრუნოო, უთხრა ეს და შუბლზე მსწრაფლ შეაცოცდა.
დაციო რაღაცას მიხვდა, აციოს მიეკრა და გამამაცდა.
ამასობაში გაშმაგებულმა ხარმაც მოაღწია, რქები დაციოს წამოუღერა, გადასათელად დაეტაკა. და როგორც კი ჭიანჭველას შეეხო, ზევით ავარდა და მოუსავლეთის იქით გადაიკარგა.
ძმებმა შვებით ამოისუნთქეს, ბედად მათ წინ ხარის პირიდან ჩამოვარდნილი ტარო ჩამოვარდადამშეული ტახები მისცვივდნენ და სული მოითქვეს.
და უცებ ხარის ბღავილიც მოესმათ:
-ძლივს, ძლივს სამშობლოში დავბრუნდი!!!
ეგ როგორო, დაფიქრდნენ ტახები, სამშობლოს გაგონებაზე არ უკამათიათ, უცებ გაიქცნენ, მერე შემობრუნდნენ და ჭიანჭველასკენ გამოქანდნენ.
და მოუსავლეთისკენ გატყორცნილებმა, მალე ნაცნობ სანახებს მოჰკრეს თვალი.
ესეც ჩვენი გადმოსახედიო, თავისდა გასაოცრად ადამიანის ხმით ჩაიღიღინეს, შეხედეს ერთმანეთს და ნახეს ისევ აციო და დაციო იყვნენენ.
ერთმანეთს ჩაეხვივნენ.
უჩვენობით აქაურობა გატიალებულაო, ამოიკვნესა დაციომ, ახლა რაღა უნდა ვქნათ?!
-ჩვენი მოვალეობაა აქაურობას მივხედოთ, ავაღორძინოთ და მტრის გული არ გავახაროთო, თითქოსდა წამოცდა აციოს.-არადა, რა ლამაზი და რა ვრცელია ეს ჩვენი გადმოსახედი
აბა, აბაო და ძმები სიმღერით დატრიალდნენ. სხვაგვარად შეიგრძნეს მოვალეობის სიტკბო.
1997
-->

GOGEJANR: ზღაპრები... Tales...

გამოქვეყნებულია რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში… რამდენიმე მათგანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე
========
საძიებელი
The index
    • =======
  • since19 December ... 2009




  • free counters
    • ======
    • ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V



    Комментариев нет:

    Отправить комментарий

    Постоянные читатели

    Обо мне

    Моя фотография
    TBILISI, Georgia
    ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.